კენიის დედაქალაქ ნაირობიში, ისტლის რაიონში, მშენებარე მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის შემდეგ მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.

შემთხვევა 23 ოქტომბერს, დღის დაახლოებით 13:00 საათზე, ქალაქის ერთ-ერთ ხალხმრავალ სავაჭრო უბანში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ქალი მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

24 ოქტომბერს გავრცელებული მონაცემებით, დაკარგულად შვიდი ადამიანი ითვლება. კენიის წითელი ჯვრის ინფორმაციით, საავადმყოფოში ორი დაშავებული გადაიყვანეს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მშენებლობაზე მყოფი 67 მუშიდან 66 უვნებლად გადარჩა, ერთი კი დაშავდა.

ჩამონგრეულ შენობაში პირველ სართულსა და სარდაფში 11 სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებდა.

ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, პოლიცია და სამხედრო დანაყოფები. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.