სამხრეთ კორეაში მზის, ქარისა და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროების ჯამურმა სიმძლავრემ პირველად გადააჭარბა ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების სიმძლავრეს.

სამხრეთ კორეის ელექტროენერგიის ბირჟის (Korea Power Exchange) ოფიციალური მონაცემებით, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, განახლებადი ენერგიის დადგმულმა სიმძლავრემ 41 040 მეგავატს მიაღწია, ხოლო ქვანახშირის ელექტროსადგურების სიმძლავრემ 40 757 მეგავატი შეადგინა. 

ამ მაჩვენებლით განახლებადი ენერგია ქვეყანაში მეორე ადგილზე გადავიდა. პირველ ადგილს კვლავ ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურები იკავებენ.

განახლებადი ენერგია მოიცავს მზის, ქარის, წყლისა და სხვა ბუნებრივი წყაროებიდან მიღებულ ენერგიას.

მნიშვნელოვანია, რომ დადგმული სიმძლავრის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს ელექტროენერგიის უფრო მეტ გამომუშავებას. მზისა და ქარის სადგურების მუშაობა ამინდსა და ბუნებრივ პირობებზეა დამოკიდებული.

სამხრეთ კორეის ხელისუფლება 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის სიმძლავრის 100 გიგავატამდე გაზრდას გეგმავს. არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მომდევნო ორ-სამ წელიწადში განახლებადი წყაროები დადგმული სიმძლავრით ბუნებრივ აირზე მომუშავე სადგურებსაც შეიძლება გაუთანაბრდნენ ან გადააჭარბონ.