თბილისში ორი 14 წლის მოზარდი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გამოცემა „სანდო წყარო“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაკავებულები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან. ისინი ერთმანეთს ვიდეოზარებით ეკონტაქტებოდნენ და კომუნიკაციისთვის სოციალურ პლატფორმებს, მათ შორის „ტელეგრამსა“ და „ტიკ-ტოკს“, იყენებდნენ.

ერთ-ერთი დაკავებულის მამამ გამოცემას განუცხადა, რომ სამართალდამცველებმა ჩხრეკისას სხვადასხვა ნივთი, მათ შორის იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

მისივე თქმით, მოზარდები ერთმანეთთან საუბრისას განიხილავდნენ წარსულში მომხდარ ძალადობრივ შემთხვევებსა და რეალურ მოვლენებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებს.

„სანდო წყაროს“ ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით არის დაკავებული.