ფილიპინებში, სამხედრო-საწვრთნელი ფრენის დროს, ორი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად ოთხი სამხედრო პილოტი დაიღუპა.

შემთხვევა 23 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 15:51 საათზე, ბატანგასის პროვინციაში მდებარე ფერნანდოს სამხედრო ავიაბაზაზე მოხდა.

ფილიპინების საჰაერო ძალების ინფორმაციით, ავარიაში ორი SF-260 ტიპის სასწავლო თვითმფრინავი მონაწილეობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავები ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ და ავიაბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდნენ.

ოთხივე პილოტი დაიღუპა. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მომხდარის შემდეგ ფილიპინების სამხედრო ხელმძღვანელობამ SF-260 ტიპის თვითმფრინავების ფრენები დროებით შეაჩერა. დაწყებულია გამოძიება, რომელმაც ავარიის ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინოს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისშიც ამავე მოდელის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი პილოტი ემსხვერპლა.