ორთაჭალაში, შსს ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია გურამ დადიანიძის დედამ დაიწყო, რომელსაც გაუჩინარებულის მამა, მამიდა, მეგობრები და რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. ისინი საქმის სრულყოფილ გამოძიებასა და დაკარგული ახალგაზრდის პოვნას ითხოვენ.
გურიკა დადიანიძე 2014 წელს, 17 წლის ასაკში გაუჩინარდა. იგი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე იმყოფებოდა. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
გაუჩინარებული ახალგაზრდის დედა, სოფო ბიბილაშვილი, წლებია შვილის პოვნას ცდილობს. ოჯახი მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული გარემოებები დამატებით შესწავლას საჭიროებს.
ოქტომბერში საქმეზე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ოჯახის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის ინფორმაციით, გურამ დადიანიძის საქმე თბილისში გადაიგზავნა და სხვა გამომძიებელს გადაეცა.
მანამდე, აგვისტოში, სამართალდამცველებმა მლეთის ტერიტორიაზე ოთხდღიანი სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს. ტერიტორია სპეციალური ტექნიკითა და დრონებით შეამოწმეს, თუმცა დაკარგული ახალგაზრდის ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდებოდა.
ოჯახი იმედოვნებს, რომ განახლებული საგამოძიებო მოქმედებები პასუხს გასცემს მთავარ კითხვას: რა მოხდა 2014 წელს ლომისობაზე და სად არის გურიკა დადიანიძე?
ამ დროისთვის გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმე გაუხსნელია.