ტაივანში ძლიერი ტაიფუნის, „ჩამპის“ მოახლოების გამო საგანგებო ზომები ამოქმედდა. ქვეყნის უმეტეს ნაწილში შეჩერებულია სასწავლო და სამუშაო პროცესი, დახურულია ფინანსური ბაზრები და მასობრივად გაუქმებულია ავიარეისები.
ტაივანის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაუქმებულია 977 ავიარეისი, მათ შორის 262 შიდა და 715 საერთაშორისო და ტაივანის სრუტის მიმართულების რეისი. შეჩერებულია 96 საბორნე რეისიც.
სტიქიას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 171, ხოლო სახიფათო ტერიტორიებიდან 2 639 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ტაიფუნის ცენტრთან ქარის სიჩქარე საათში 191 კილომეტრს აღწევს. სტიქიის გავლენის რადიუსი დაახლოებით 320 კილომეტრია, რაც ტაივანის ტერიტორიის დიდ ნაწილს მოიცავს.
ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად 77 000-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, თუმცა უმეტეს ნაწილში მომარაგება უკვე აღდგენილია.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ტაიფუნი ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაივლის, შემდეგ კი იაპონიის სამხრეთ კუნძულების მიმართულებით გადაადგილდება. მისი პირდაპირი ხმელეთზე გადასვლა ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული