თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ზონგულდაქის პროვინციაში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას სამი მუშა ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა.
შემთხვევა 23 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:00 საათზე, ქილიმლის რაიონის ქალაქ გელიქში მდებარე კერძო მაღაროში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქება მეთანის გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მაშველები, მეხანძრეები, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ჟანდარმერიის თანამშრომლები.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით მაშველებმა მაღაროში დარჩენილი მესამე მუშაც გარდაცვლილი იპოვეს.
დაშავებული ხუთი მუშიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. ისინი სამკურნალოდ ანკარაში გადაიყვანეს.
თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცველები აფეთქების გარემოებებსა და მაღაროში უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხს სწავლობენ.