საფრანგეთში ახალი მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან. მოსალოდნელი არეულობის გამო, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მაღაზიები, მუზეუმები და კულტურული ღონისძიებები დროებით იხურება.
საპროტესტო გამოსვლები 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი. დემონსტრაციებში მონაწილეობას სტუდენტური გაერთიანებები და მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები“ აპირებენ.
გასულ შაბათ-კვირას გამართული აქციების ნაწილი ძალადობრივ დაპირისპირებასა და მაღაზიების დარბევაში გადაიზარდა. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 17 ოქტომბრის შემდეგ 2 700 ადამიანი დააკავეს.
უსაფრთხოების მიზნით, მარსელსა და ლიონში 24 ოქტომბრისთვის დაგეგმილი დემონსტრაციები აიკრძალა. პარიზში კი შაბათს ლუვრის მუზეუმი და Fondation Louis Vuitton დაიხურება. ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა Art Basel Paris მთელი შაბათ-კვირის განმავლობაში არ იმუშავებს.
საპროტესტო გამოსვლების მთავარი მიზეზებია ცხოვრების გაძვირება, ხელფასების ზრდის მოთხოვნა, განათლების სისტემაში არსებული პრობლემები და საბიუჯეტო ხარჯების შემცირება.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არეულობაში ულტრამემარცხენე ჯგუფები დაადანაშაულა, თუმცა პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ ამ ბრალდებას უარყოფს.
ხელისუფლება უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას გეგმავს, პროფკავშირები კი აცხადებენ, რომ პროტესტის შეზღუდვა საზოგადოებაში არსებულ უკმაყოფილებას ვერ მოაგვარებს.