კანადის ალბერტის პროვინციაში, უეინრაიტის სამხედრო ბაზაზე გაჩენილ ხანძარს ოთხი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავდა.
შემთხვევა 17 ოქტომბერს სამხედრო სწავლების დროს მოხდა. ხანძარი საწვრთნელ ტერიტორიაზე გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა.
22 ოქტომბერს კანადის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ ხანძარი საბრძოლო მასალის გამოყენებით მიმდინარე წვრთნას უკავშირდებოდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ სამხედრო მოსამსახურეების ნაწილმა ტერიტორიის დროულად დატოვება ვერ შეძლო.
კანადის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, შემთხვევის შედეგად სულ 39 სამხედრო დაშავდა. მათგან 27 კვლავ საავადმყოფოში მკურნალობს, 12 კი უკვე გაწერეს. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
დაღუპულები და დაშავებულები იმ სამხედრო დანაყოფების წევრები იყვნენ, რომლებიც ლატვიაში დაგეგმილი მისიისთვის ემზადებოდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.