სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთში წარმოებულ ზეითუნის ზეთ „Ayvalık“-ის კონკრეტულ ნიმუშში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოავლინა.

სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია 5-ლიტრიან თუნუქის შეფუთვაში მოთავსებულ Extra Virgin Olive Oil-ზე, რომლის ლაბორატორიული შემოწმებისას გლიციდოლის ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერებისა და 3-MCPD-ისა და მისი ცხიმოვანი მჟავების ეთერების მომატებული შემცველობა დაფიქსირდა.

კვლევა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის, BIOR-ის ლაბორატორიაში ჩატარდა.

სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგი მხოლოდ კონკრეტულ ნიმუშს ეხება და არ ნიშნავს, რომ იმავე მწარმოებლის სხვა პროდუქტი ან პარტიაც შეუსაბამოა.

პროდუქტის საიდენტიფიკაციო მონაცემებია:
- სავაჭრო ნიშანი: Ayvalık
- შეფუთვა: 5-ლიტრიანი თუნუქის ტარა
- შტრიხკოდი: 8693465410990
- მწარმოებლის სარეგისტრაციო ნომერი: TR-10-K-042281
უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინფორმაციის დამატებითი შესწავლა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებები.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზეთებსა და ცხიმებში გარკვეული დამაბინძურებელი ნივთიერებების კვლევა 2026 წელს დაიწყო. ამ დროისთვის აღებულია ზეთისა და ცხიმის 71 ნიმუში.