პოლონეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსი მხატვრის მკვლელობის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. დაკავებული საქართველოს 22 წლის მოქალაქეა.

რუსი მხატვარი რობერტ კუზოვკოვი, რომელიც სემიონ სკრეპეცკის სახელითაც იყო ცნობილი, მიმდინარე წლის ივნისში პოლონეთის ქალაქ ბიალა-პოდლასკაში მოკლეს.

მხატვარი რუსეთის ხელისუფლების კრიტიკული ნამუშევრებით გამოირჩეოდა. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მან ბერლინში საპროტესტო აქციაც გამართა.

მკვლელობის შემდეგ პოლონეთის სამართალდამცველებმა 36 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც, მათი ინფორმაციით, საქართველოს პასპორტს იყენებდა.

მეორე დაკავებულს, საქართველოს 22 წლის მოქალაქეს, მკვლელობაში თანამონაწილეობა ედება ბრალად. სასამართლომ მას სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაცია პოლონეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელმა ტომაშ სემონიაკმა 23 ოქტომბერს გაავრცელა.