iNewsLine-მა მოიპოვა 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილის ფოტო და დაკავების ვიდეო მასალა, რომელსაც რუსეთში ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილის სტატუსით იძიებენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, გოგიაშვილი ვორონეჟის ოლქში დააკავეს. მასთან ერთად იმყოფებოდა 40 წლის ქალი, რომლის შესაძლო მონაწილეობასაც სამართალდამცველები ამოწმებენ. დაკავებული მოსკოვში გადაიყვანეს საგამოძიებო მოქმედებებისთვის. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს საქმე მკვლელობის მუხლით აქვს აღძრული. 


გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში, ჟულებინოს ბულვარზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში 53 წლის ელენა წერეთლის ცხედრის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. მოგვიანებით სამართალდამცველებმა ახალ მოსკოვში, ეჭვმიტანილთან დაკავშირებულ ავტოფარეხში, წერეთლის 19 წლის ქალიშვილის ცხედარიც იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ორივე ადგილიდან ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალები. 
რუსული მედია დაკავებულს თეიმურაზ გოგიაშვილად ასახელებს. ღია წყაროების მიხედვით, ის ინდივიდუალურ მეწარმედ იყო რეგისტრირებული და ავტომობილების კომპონენტებთან დაკავშირებული საქმიანობით იყო დაკავებული. პარალელურად მუშაობდა ფიტნეს-ტრენერად, ატარებდა პერსონალურ, ძალოვან და ფუნქციურ ვარჯიშებს და კვების პროგრამებს ადგენდა. 
საქმეზე გამოძიება გრძელდება. თეიმურაზ გოგიაშვილი ამ ეტაპზე ეჭვმიტანილია და მისი ბრალეულობა სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის.

უფრო დეტალურად: ვინ არის თემურ გოგიაშვილი?

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ გოგიაშვილი ახალ მოსკოვში ავტოფარეხით სარგებლობდა. იქ ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დარია წერეთლის ცხედარი და იარაღისა და საბრძოლო მასალის კიდევ ერთი სამალავი აღმოაჩინეს.
გოგიაშვილი ვორონეჟის ოლქში დააკავეს.

ТАСС-ის წყაროს ცნობით, გოგიაშვილმა დაკითხვისას ორივე მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ თავდაპირველად 19 წლის დარია ავტოფარეხში მოკლა, შემდეგ კი მის დედასთან მივიდა და ელენა წერეთელსაც გაუსწორდა. მკვლელობის ზუსტი მოტივი ოფიციალურად ჯერ დადგენილი არ არის; სამართალდამცავ წყაროებში ერთ-ერთ ვერსიად პირადი/ფინანსური კონფლიქტი სახელდება.

თეიმურაზ გოგიაშვილის წარსულიც მალევე მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. „Важные истории“-მ მისი ფოტოებისა და პერსონალური მონაცემების შედარებით დაადგინა, რომ საუბარია იმავე თეიმურაზ გოგიაშვილზე, რომელიც 2014 წლიდან დონბასში პრორუს სეპარატისტთა რიგებში იბრძოდა.

გოგიაშვილი იყო „სპარტას“ წევრი — დანაყოფისა, რომელსაც არსენ პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“, ხელმძღვანელობდა. გავრცელებულია მათი ერთობლივი ფოტოც. რუსულ მედიაში გოგიაშვილი წარსულში „მოტოროლას“ დაცვის წევრადაც მოიხსენიებოდა, თუმცა ამ კონკრეტულ სტატუსზე წყაროები ერთმანეთს არ ემთხვევა.
2016 წელს, როდესაც „მოტოროლა“ დონეცკში ლიფტში მოწყობილი აფეთქების შედეგად მოკლეს, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასთან ერთად თეიმურაზ გოგიაშვილიც დაიღუპა. მოგვიანებით ეს ცნობა უარყვეს — აფეთქების მეორე მსხვერპლი სხვა პირი იყო.

მედიის მიერ მოძიებული მონაცემებით, გოგიაშვილი საქართველოს მოქალაქე იყო, ახალგაზრდობაში ოჯახთან ერთად უკრაინაში გადავიდა და ლუგანსკში სწავლობდა. დონბასში ომის დაწყების შემდეგ ის პრორუსულ შეიარაღებულ ფორმირებებს შეუერთდა. 2019–2021 წლებში კი რუსეთის სახელმწიფო მედიაჰოლდინგ „Россия сегодня“-ში მუშაობდა.