საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ქალაქის ცენტრში მდებარე ძვირადღირებული საიუველირო მაღაზია გაძარცვეს. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მოტოციკლებით მიიმალნენ.
Reuters-ის ინფორმაციით, შემთხვევა 12 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:15 საათზე, პარიზის მეორე ადმინისტრაციულ ოლქში მოხდა.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებმა ძარცვის დროს იარაღი გამოაჩინეს, თუმცა არ გამოუყენებიათ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამართალდამცველებს მაღაზიის დასახელება ოფიციალურად არ გაუმჟღავნებიათ, თუმცა ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამიზნე ცნობილი საიუველირო ბრენდის, De Beers-ის მაღაზია იყო.
ამ დროისთვის უცნობია, რა რაოდენობის ძვირფასეულობა წაიღეს დამნაშავეებმა და რამდენს შეადგენს მიყენებული ფინანსური ზარალი.
პარიზის პოლიციამ თავდამსხმელების დასადგენად და დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები დაიწყო.
De Beers-ის მაღაზია საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს შენობიდან 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს.