ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, გემები საზღვაო ნაღმებს შეეჯახნენ.
ირანული სახელმწიფო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ორივე ტანკერს დაახლოებით ორი მილიონი ბარელი ნავთობი გადაჰქონდა. თეირანის მტკიცებით, გემებს გამორთული ჰქონდათ ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი და სარადარო სისტემები და გადაადგილდებოდნენ მარშრუტით, რომელიც ირანის მიერ ნებადართული არ იყო.
ირანული მხარის ინფორმაციით, ერთ-ერთ ტანკერზე ნაღმთან შეჯახებას ძლიერი აფეთქება და ხანძარი მოჰყვა, ხოლო მეორე გემი დაზიანების შემდეგ გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.
ირანის მიერ გავრცელებული ცნობები დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის. ტანკერების სახელები, ეკიპაჟის მდგომარეობა და შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.
ინციდენტებმა კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა ჰორმუზის სრუტეში, რომელიც მსოფლიო ნავთობის ტრანსპორტირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტია.
19 ოქტომბერს გაავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგიონული დაძაბულობისა და ტანკერებთან დაკავშირებული ინციდენტების ფონზე სპარსეთის ყურის საფონდო ბირჟებზე ინვესტორების სიფრთხილე შეინიშნებოდა. საუდის არაბეთისა და კატარის საფონდო ინდექსები შემცირდა.
ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის უსაფრთხოება კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რადგან ამ მარშრუტის შეფერხება საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე აისახება.