თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხანგრძლივი დავა უძღოდა.

მედიის ცნობით, მოკლულ ნანა ფირანიშვილსა და მკვლელობაში ბრალდებულ გია ძლიერიშვილს შორის დავის საგანი საბურთალოზე მდებარე 227 კვადრატული მეტრის ბინა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ნანა ფირანიშვილმა აღნიშნული უძრავი ქონება იძულებითი აუქციონის გზით შეიძინა, თუმცა ბინიდან ყოფილი მფლობელის ოჯახის გამოსახლება ვერ ხერხდებოდა.

როგორც ავეჯის სახლ „საბაში“, სადაც გარდაცვლილი ქალი მუშაობდა, „ტვ პირველს“ განუცხადეს, გია ძლიერიშვილის ოჯახის გამოსახლება 12 ნოემბერს იყო დაგეგმილი.

მათივე ინფორმაციით, სავარაუდო თავდამსხმელი 11 ნოემბერს, საღამოს, ცოლ-ქმარს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დახვდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

ნანა ფირანიშვილი და მისი მეუღლე, სოსო სუჯაშვილი, ადგილზე გარდაიცვალნენ.

გავრცელებული ცნობით, ცოლ-ქმარი მცირე ბიზნესით იყო დაკავებული და შემთხვევის დროს სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით 62 წლის გია ძლიერიშვილი დააკავა.

გამოძიება ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქონებრივ დავასა და მკვლელობის სავარაუდო მოტივს შორის კავშირი ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის.