28 სექტემბრიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში კვების რაციონთან დაკავშირებით დაწესებული დროებითი შეზღუდვები მოიხსნა. ბაღები სტანდარტით გათვალისწინებულ კვების მენიუს დაუბრუნდნენ, რომელიც თითოეული აღსაზრდელისთვის დღიურად 1292 კალორიას ითვალისწინებს.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, გურამ ოქროპირიძის ინფორმაციით, შეზღუდვები კომპეტენტური უწყებების რეკომენდაციების საფუძველზე იყო დაწესებული. მათი მოხსნის შემდეგ ბაღებში კვების პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
დროებითი ცვლილებები მას შემდეგ ამოქმედდა, რაც თბილისის რამდენიმე საჯარო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს შორის გასტროენტერიტის შემთხვევები გამოვლინდა. ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე შემთხვევების ძირითად გამომწვევ მიზეზად მაღალი ალბათობით ნოროვირუსი დასახელდა.
აღნიშნულის შემდეგ ბაგა-ბაღებში გამკაცრდა სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და დროებით შეიცვალა კვების რაციონიც. დამატებითი ზომები ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე მოქმედებდა.
მიუხედავად სტანდარტული კვების მენიუს აღდგენისა, ბაგა-ბაღებში განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმობა ჰიგიენური ნორმების დაცვას. ეს მოიცავს ბავშვებისა და თანამშრომლების პირად ჰიგიენას, ჯგუფებისა და საერთო სივრცეების დასუფთავებასა და შესაბამისი წესების კონტროლს.
ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დაწყებულ კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებს.