თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. მას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მივიდნენ. სავარაუდო თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა უნივერსიტეტიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს.
ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება შესაძლოა წარსულში მომხდარ შემთხვევას უკავშირდებოდეს. ეს ვერსია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. გამოძიება მიმდინარეობს.