სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტები გამოავლინეს. დაკავებულია ორი პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები სხვადასხვა დროს დააკავეს. ოპერაცია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.
ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 93 კაფსულა ე.წ. „ლირიკა“, ფსევდოეფედრინის შემცველი 72 აბი და 62 აბი „ტრამადოლი“.
გამოძიება ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.