პოლიციამ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მან მოქალაქეები მოგების მიღების დაპირებით დაარწმუნა, თანხა გადაეცათ, თუმცა შეთანხმებული პირობები არ შეასრულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული მოქალაქეებს კრიპტოვალუტით ვაჭრობას სთავაზობდა და ჰპირდებოდა, რომ მიღებულ მოგებას გაუნაწილებდა, ჩადებულ თანხას კი სრულად დაუბრუნებდა.
გამოძიების თანახმად, მან ამ გზით მოქალაქეთა კუთვნილი 90 500 ლარი თაღლითურად მიითვისა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმერეთში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.