სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თითქმის 45 000 ლარის ღირებულების მედიკამენტების უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სომხეთის მოქალაქე ამხილეს, რომელმაც საქართველოში სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოიტანა.
გამოძიების ინფორმაციით, მედიკამენტები მოქალაქის კუთვნილ ავტომობილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში იყო განთავსებული. მათი საერთო საბაჟო ღირებულება 44 892 ლარს შეადგენდა.
ფაქტი საგამოძიებო სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.