იტალიაში, ბრეშის პროვინციაში, 83 წლის ჯოვანი ჯიგოლა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ტრაგედიას განსაკუთრებულ სიმძაფრეს ის გარემოება სძენს, რომ წლების წინ ამავე რეგიონის გზებზე მისი შვილი და შვილიშვილიც დაიღუპნენ.
შემთხვევა 27 ოქტომბერს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქალაქ სალე მარაზინოში, დანტე ალიგიერის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი ავტომობილით გადაადგილდებოდა, როდესაც საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა და სატვირთოს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტომობილი გზისპირა კედელს დაეჯახა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამაშველო ვერტმფრენი გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
განსაკუთრებით მძიმეა ოჯახის ისტორია. 1993 წელს ჯოვანი ჯიგოლას 22 წლის შვილი, რობერტო, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მაშინ შემთხვევას კიდევ ოთხი ახალგაზრდა ემსხვერპლა.

2022 წლის ივლისში კი 23 წლის შვილიშვილი, რომელსაც გარდაცვლილი ბიძის პატივსაცემად ასევე რობერტო ერქვა, მოტოციკლით მომხდარი ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

ამრიგად, ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენელი 33 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებს ემსხვერპლა.
პოლიცია ბოლო ავარიის გარემოებებს იკვლევს. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ 83 წლის მძღოლს საჭესთან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუუარესდა.