ჯიბუტის სანაპიროსთან მიგრანტებით გადატვირთული ნავის გადაბრუნებას სულ მცირე 139 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 15 ბავშვია, 84 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ინფორმაციით, ნავი, რომელზეც 305 ადამიანი იმყოფებოდა, ჯიბუტიდან იემენის მიმართულებით გადაადგილდებოდა. შემთხვევა 8 - 9 ოქტომბრის ღამეს, ობოკის საპორტო ქალაქის ჩრდილოეთით, გუჰერეს სანაპიროსთან მოხდა.
ტრაგედიას 82 ადამიანი გადაურჩა. გადარჩენილები ეთიოპიის მოქალაქეები არიან. მათ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.
ადგილობრივი სამაშველო სამსახურები დაკარგულთა ძებნას აგრძელებენ. არ არის გამორიცხული, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
ჯიბუტიდან იემენისკენ მიმავალი საზღვაო მარშრუტი ერთ - ერთ ყველაზე სახიფათო მიგრაციულ გზად ითვლება. ათასობით ადამიანი ამ გზით სპარსეთის ყურის ქვეყნებში ჩასვლას და უკეთესი ცხოვრების პირობების პოვნას ცდილობს.
გაეროს მონაცემებით, მხოლოდ 2025 წელს ამ მიგრაციულ მარშრუტზე 900 - ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაიკარგა.