იტალიაში, სიცილიის კუნძულზე, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა 26 ოქტომბერს, დილის დაახლოებით 07:00 საათზე, აგრიჯენტოს პროვინციაში, ქალაქ ნაროს მახლობლად, 123-ე სახელმწიფო გზაზე მოხდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ოთხი მამაკაცი ავტომობილით სამუშაოდ, ზეთისხილის მოსავლის ასაღებად მიდიოდა, როდესაც მათი „Fiat Punto“ საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი ოთხივე ადამიანი დაიღუპა. სატვირთოს მძღოლი უვნებლად გადარჩა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიცია, მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
წინასწარი ინფორმაციით, ავარია შესაძლოა გასწრების მანევრის დროს მომხდარიყო, თუმცა შემთხვევის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.