შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის დას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში დახმარება შესთავაზა და მოტყუებით თანხა მოსთხოვა.

კერძოდ, ბრალდებულმა ქალს თავდაპირველად 10 000 ლარი მოსთხოვა და დაარწმუნა, თითქოს თანხას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს გადასცემდა, რომლებიც მისი ძმის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას უზრუნველყოფდნენ.

მოგვიანებით ადვოკატმა დამატებით 100 000 ლარი მოითხოვა. მისი მტკიცებით, ამ თანხიდან 40 000 ლარი პროკურატურისთვის უნდა გადაეცა, რათა საპროცესო შეთანხმება უკეთესი პირობებით გაფორმებულიყო, ხოლო დარჩენილი 60 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხებოდა.

შსს-ს ცნობით, მსჯავრდებულის ოჯახის წევრმა ადვოკატს 10 000 ლარი გადასცა.

სამართალდამცველებმა ოპერატიული და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ადვოკატი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო 28 ოქტომბერს ავრცელებს.