სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, რომლებმაც, გამოძიების ინფორმაციით, მოქალაქეებს ბიზნესში თანხის ჩადების სანაცვლოდ ყოველთვიურ სარგებელსა და ინვესტირებული თანხის უკან დაბრუნებას ჰპირდებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულები მოქალაქეებს სთავაზობდნენ, საკუთარი ბიზნესსაქმიანობისთვის მათთვის თანხა დროებით გადაეცათ. სანაცვლოდ კი ყოველთვიური სარგებლის გადახდასა და შეთანხმებულ ვადაში ძირითადი თანხის სრულად დაბრუნებას ჰპირდებოდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მოქალაქეებისგან თანხები მიიღეს, თუმცა შეთანხმებული სარგებელი არ გადაიხადეს და არც ძირითადი თანხა დააბრუნეს.

უწყების ცნობით, მათი ქმედებებით დაზარალებულებს ჯამში 275 000 ლარის ზიანი მიადგათ.

პოლიციამ ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.