მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე ქარიშხალ „სიმონისა“ და ტროპიკული შტორმ „რეიჩელის“ შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. ძლიერმა წვიმამ და ქარმა რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა და მეწყრული პროცესები გამოიწვია, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები და ელექტროგადამცემი ხაზები.
ყველაზე მძიმე ვითარება ბახა-კალიფორნიის შტატში, ქალაქ ენსენადას მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შტორმ „რეიჩელის“ შედეგად ერთი ოჯახის ოთხი წევრი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა. კიდევ ხუთ ადამიანს ეძებენ.
ქარიშხალ „სიმონს“ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა გერეროს შტატში, სადაც 71 წლის მამაკაცი კედლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.
სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. უსაფრთხოების სამსახურებმა ვერტმფრენების დახმარებით 32 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. წყალდიდობამ რამდენიმე დასახლება გარე სამყაროს მოწყვიტა.
მიუხედავად იმისა, რომ „სიმონი“ მეორე კატეგორიის ქარიშხლამდე შესუსტდა და სანაპიროს შორდება, მეტეოროლოგები მოსახლეობას კვლავ აფრთხილებენ ძლიერი წვიმების, მეწყრებისა და ხუთ მეტრამდე სიმაღლის ტალღების საფრთხის შესახებ