კენიაში ებოლას პირველი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ კითხვები გაჩნდა, რამდენად ეფექტიანად მუშაობს აეროპორტებსა და საზღვრებზე ინფექციური დაავადებების გამოვლენის სისტემა.
პაციენტი კენიის მოქალაქე იყო, რომელიც წლების განმავლობაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრობდა.
ავადმყოფობის შემდეგ მან კონგოდან სახმელეთო გზით უგანდაში იმგზავრა, შემდეგ კი ენტებედან ნაირობიში გაფრინდა. მიუხედავად რამდენიმე საკონტროლო პუნქტის გავლისა, ინფექცია საზღვარზე ვერ აღმოაჩინეს. მოგვიანებით პაციენტს ებოლას Bundibugyo შტამი დაუდასტურდა და ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
კენიის ჯანდაცვის მინისტრის, ადენ დუალეს განცხადებით, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთან დაკავშირებული 57 კონტაქტია გამოვლენილი, მათგან 10 კარანტინშია მოთავსებული. ნაირობის საერთაშორისო აეროპორტში კი კონგოდან და სხვა რისკის ქვეყნებიდან ჩასული მგზავრებისთვის სპეციალური შემოწმების პუნქტი შეიქმნა.
სპეციალისტების განმარტებით, მხოლოდ ტემპერატურის გაზომვა ინფიცირებული მგზავრის გამოსავლენად ყოველთვის საკმარისი არ არის. კენიის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე ებოლას ადგილობრივი გავრცელება დადასტურებული არ არის და შემთხვევა იმპორტირებული იყო.