სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, აღმოსავლეთ კაპის პროვინციაში, ზვიგენის თავდასხმის შედეგად 65 წლის ქალი დაიღუპა. ტრაგიკული შემთხვევა 20 ოქტომბერს, დილით, ქალაქ კუგომპოში, ორიანტის (Orient Beach) სანაპიროზე მოხდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ქალი ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათის შემდეგ, სხვა მოცურავეებთან ერთად ზღვაში იმყოფებოდა, როდესაც მოულოდნელად დახმარება ითხოვა.

თვითმხილველების განცხადებით, ჯგუფის წევრებმა მალევე შენიშნეს, რომ ქალს ზვიგენი დაესხა თავს. ისინი მის დასახმარებლად გაემართნენ და დაშავებული ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედიკოსებმა გარდაცვალება შემთხვევის ადგილზე დაადასტურეს.

მომხდარის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით ორი პოპულარული პლაჟი, Orient Beach და Eastern Beach, განუსაზღვრელი ვადით დახურა.

მუნიციპალიტეტმა მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიებზე ზღვაში შესვლისგან და დაიცვან შესაბამისი სამსახურების მითითებები. უსაფრთხოების გაფრთხილებები გავრცელდა მიმდებარე სანაპიროებზეც.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ამ დროისთვის ოფიციალურად არ არის დაზუსტებული, ზვიგენის რომელი სახეობა მონაწილეობდა თავდასხმაში.