რუსთავში პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მოქალაქეს ორი ავტომობილი მიჰყიდა და თანხა სრულად მიიღო. ავტომობილების მყიდველის სახელზე გადაფორმების შემდეგ კი ისინი 10 დღით, გაქირავებისა და მიღებული მოგების განაწილების პირობით დაიბრუნა.
თუმცა, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა შეთანხმება დაარღვია და ორივე ავტომობილი სხვა პირებზე გაასხვისა.
შედეგად, დაზარალებულს 49 500 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.