სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ დიტო ჩუბინიძეს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა
სტატია
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დომენტი (დიტო) ჩუბინიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.

დიტო ჩუბინიძე გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ჟურნალისტი 2026 წლის თებერვლიდან სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმის გამოყენებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, მათ შორის დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით.

ჩუბინიძე ბრალდებას უარყოფს.