თბილისში პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულს ორმა მოქალაქემ სამოქალაქო დავის წარმოებისა და სამართლებრივი დახმარების მისაღებად მიმართა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა მოქალაქეებს სასამართლოში სარჩელის შეტანის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და საქმის მათ სასარგებლოდ დასრულების დაპირებით თანხა მოსთხოვა.
მიუხედავად თანხის მიღებისა, ბრალდებულს სასამართლოსთვის სარჩელით არ მიუმართავს. ამის ნაცვლად, მან მოქალაქეები დაარწმუნა, თითქოს სასამართლო დავა მიმდინარეობდა და საქმე მათ სასარგებლოდ დასრულდა. აღნიშნულის დასადასტურებლად კი ყალბი დოკუმენტები გადაუგზავნა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ამ გზით დაზარალებულების კუთვნილ 21 000 ლარს თაღლითურად დაეუფლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.