საფრანგეთში, პარიზის მახლობლად მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. დაშავებულებს შორის 12 წლის გოგონაცაა.

შემთხვევა 23 ოქტომბერს, პარიზის დასავლეთით მდებარე ტრაპისა და ლა-ვერიერის დასახლებებში მოხდა.

მამაკაცი ავტომობილიდან გამვლელების მიმართულებით ისროდა. თავდასხმა რამდენიმე ადგილას განხორციელდა.

სამართალდამცველებმა სავარაუდო თავდამსხმელი მალევე დააკავეს. მედიის ინფორმაციით, ის 39 წლის მამაკაცია.

ლა-ვერიერის მერის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაშავებული 12 წლის გოგონა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

საქმეზე გამოძიება საფრანგეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა პროკურატურამ დაიწყო. გამომძიებლები სწავლობენ, უკავშირდება თუ არა თავდასხმა ტერორიზმს ან რასობრივ და რელიგიურ მოტივებს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ მომხდარს განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა უწოდა და განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურები სრულად არიან მობილიზებული.