დღეს, 24 ოქტომბერს, თბილისის ქალთა გუნდი ესპანეთში, ბარსელონის ცნობილ ტაძარში, საგრადა ფამილიაში, კონცერტს გამართავს.
საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული სიმღერა ამ ისტორიულ ტაძარში გაიჟღერებს. თბილისის ქალთა გუნდი ასევე პირველი ქართული კოლექტივი იქნება, რომელიც ანტონიო გაუდის დაკრძალვის ადგილას, საგრადა ფამილიის კრიპტაში გამოვა.
კონცერტი საერთაშორისო საგუნდო კონკურსის „Sing for Gold - The World Choral Cup“ ფარგლებში იმართება, რომელიც 22-26 ოქტომბერს ბარსელონასა და კალელიაში ტარდება.
ორგანიზატორ INTERKULTUR-ის განახლებული ინფორმაციით, წლევანდელ კონკურსში მსოფლიოს 24 ქვეყნის 38 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის საქართველოდან თბილისის ქალთა გუნდი.
საერთაშორისო ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალურ კოლექტივებს აერთიანებს და ქართული საგუნდო კულტურის მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩენის შესაძლებლობას ქმნის.