ქვემო ქართლში პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები თანასოფლელებს მსხვილფეხა პირუტყვის შეგროვებასა და საზღვარგარეთ გაყიდვაზე შეუთანხმდნენ. მიღებული თანხა შეთანხმების მონაწილეებს შორის უნდა განაწილებულიყო.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა პირუტყვი გაყიდეს, თუმცა თანასოფლელებს კუთვნილი თანხა არ გადაუხადეს და 1 470 170 ლარსა და 6 600 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ.
პოლიციამ ორივე პირი მარნეულის მუნიციპალიტეტში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.