სოციალურ ქსელ TikTok-ზე ორი ჩანაწერი გავრცელდა, რომლებსაც ავტორები „ფეიქრიშვილების ტელეფონის მასალად“ მოიხსენიებენ. ერთი ვიდეოჩანაწერია, მეორე კი - აუდიო.

ვიდეოს თანდართული აღწერის მიხედვით, კადრებში ტყუპი ძმებიდან ერთ-ერთი ჩანს, რომელიც თანამოსაუბრეს სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ე.წ. ქურდებთან შეხვედრაზე ელაპარაკება. მისი თანამოსაუბრე ახსენებს "ვატულიკას" და დიდი ალბათობით, გულისხმობს ვატო ყიფიანს. ფეიქრიშვილი გაკვირვებულია: "ვატულიკას უნდა ჩემ საუბარზ ედასწრება? რა სტატუსით იქნება ის შეხვედრაზე? როგორც დამკვირვებელი თუ როგორც შეხვედრის მონაწილე?"

რაც შეეხება აუდიოჩანაწერს, მასში რამდენიმე პირის საუბარი ისმის. საუბრის თემა, გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. ქურდული წესებით ფულის გამოძალვას უკავშირდება.

ტელეკომპანია „პირველი“ ჩანაწერების შესახებ ძმები ფეიქრიშვილების დედასა და ადვოკატს დაუკავშირდა. ორივე მათგანი უარყოფს, რომ გავრცელებულ ვიდეოში დავით ფეიქრიშვილი ჩანს.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული ტყუპების ტელეფონში გარკვეული ინფორმაციის შესაძლო არსებობა მათმა დედამ ტელეკომპანიას წინა დღეს დაუდასტურა.

ამასთან, ოჯახი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფ დავით ფეიქრიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, შოთა ყიფიანი და კიდევ ორი პირი. დედისა და ადვოკატის მტკიცებით, მათ დავით ფეიქრიშვილისგან მობილური ტელეფონის განბლოკვის კოდის მიღება სურდათ.

გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა და მათი კავშირი ფეიქრიშვილებთან დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.