რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ბაზარში მამა-შვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმის საქმეზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. ერთ მათგანს უვადო თავისუფლების აღკვეთა, მეორეს კი 20 წლით პატიმრობა მიესაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა მიმდინარე წლის 4 იანვარს მოხდა. გამოძიების თანახმად, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მეორე ბრალდებულის ორგანიზებითა და მითითებით, მარნეულის ბაზარში მდებარე მაღაზიაში მამა-შვილის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.
შედეგად, შვილი მიღებული დაზიანებებით იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მამა კი გადარჩა.
საქმეზე ბრალდებები მოიცავდა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობას, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-ტარებას, „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და სხვა დანაშაულებს.
სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ორივე პირი დამნაშავედ ცნო.