აფეთქება ათენში - ოთხი დაშავებული, პოლიცია სამართალდამცველების წინააღმდეგ დაგეგმილი თავდასხმის ვერსიას იძიებს.

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, კოლონოსის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან ძლიერი აფეთქება მოხდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ აფეთქება შესაძლოა სამართალდამცველების წინააღმდეგ წინასწარ მოწყობილ ხაფანგს უკავშირდებოდეს.

ბერძნული გამოცემა Proto Thema-ს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ორი პოლიციელი და ორი სამოქალაქო პირი დაშავდა. ერთ-ერთ პოლიციელს თავის არეში მძიმე დაზიანებები აქვს, თუმცა გავრცელებული ცნობებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საეჭვო ჩემოდანი და შეტყობინება ნარკოტიკების შესახებ - რა უძღოდა წინ აფეთქებას?

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევამდე პოლიციაში სატელეფონო შეტყობინება შევიდა, რომლის ავტორიც საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან არსებულ საეჭვო ნივთზე საუბრობდა.

შეტყობინების თანახმად, კორპუსის შესასვლელთან ჩემოდანი იდო, რომელშიც შესაძლოა ნარკოტიკული ნივთიერებები ყოფილიყო.

პოლიციის თანამშრომლები მითითებულ მისამართზე ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდნენ.

სწორედ მაშინ, როდესაც სამართალდამცველები საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან იმყოფებოდნენ, აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქემ, რომელმაც პოლიციაში დარეკა, საკუთარი ვინაობა დაასახელა.