სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ოპოზიციური სტუდენტური მოძრაობის მხარდამჭერებმა მასშტაბური დემონსტრაცია გამართეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე 150 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც სლავიას მოედანზე შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეები მხარს უჭერენ მოძრაობას „სტუდენტური სია“, რომელიც სერბეთში პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.
მოძრაობა სტუდენტების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს აერთიანებს და ერთიანი ლიდერი არ ჰყავს. მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა.
სტუდენტური მოძრაობის მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე ალექსანდარ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესული პარტიაა“, რომელიც სერბეთის პოლიტიკაში 2012 წლიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ვუჩიჩმა სტუდენტური მოძრაობა არაერთხელ დაადანაშაულა უცხოური ძალების მხარდაჭერით ხელისუფლების შეცვლის მცდელობაში. მოძრაობის წარმომადგენლები კი კორუფციასთან ბრძოლასა და დემოკრატიულ ცვლილებებზე ამახვილებენ ყურადღებას.
სერბეთში პოლიტიკური დაპირისპირება საპარლამენტო არჩევნების წინ განსაკუთრებით გამწვავდა.