საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს ფინანსური თაღლითობის ახალი შემთხვევების შესახებ აფრთხილებს.

უწყების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს WhatsApp-ისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან, თავს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ და მათ ნდობის მოსაპოვებლად ბანკის ოფიციალურ ლოგოსაც იყენებენ.

თაღლითები მოქალაქეებს სესხის მიღებასა და სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის განხორციელებაში დახმარებას სთავაზობენ.

ეროვნული ბანკი ერთ კონკრეტულ შემთხვევასაც აღწერს. მოქალაქეს თავდაპირველად კომერციული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის სახელზე სესხი იყო დამტკიცებული. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქემ სესხის მოთხოვნა უარყო, მოგვიანებით მას უკვე ეროვნული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ.

შედეგად, მოქალაქემ ინტერნეტბანკში სესხი გაააქტიურა და თანხის ნაწილი მესამე პირის ანგარიშზე გადარიცხა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ მოქალაქეებზე სესხებს არ გასცემს და არც კომერციულ ბანკებში სესხის მიღების პროცესში მონაწილეობს.

უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, არავის გაუზიარონ საბანკო მონაცემები, პაროლები და პირადი ინფორმაცია, არ გადავიდნენ საეჭვო ბმულებზე და ნებისმიერი ფინანსური შეთავაზება უშუალოდ საკუთარ ბანკთან გადაამოწმონ.

სავარაუდო თაღლითობის შემთხვევაში მოქალაქეებმა სამართალდამცავ ორგანოებს უნდა მიმართონ.