აშშ-ში, ნიუ-იორკის ბრუკლინის რაიონში, სამსართულიანი საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა. დაშავებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა 11 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე, ფლეტბუშის უბანში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობა მეზობლად მდებარე სამშენებლო მოედნის ტერიტორიაზე ჩამოინგრა, სადაც მიწის სამუშაოები მიმდინარეობდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს.

დაშავებულებს შორის შვიდი ბავშვია. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, რადგან ჯერჯერობით უცნობია, შესაძლოა თუ არა ნანგრევებში სხვა ადამიანებიც იმყოფებოდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შენობის ჩამონგრევის მიზეზი გამოძიების საგანია. სპეციალისტები მიმდებარე შენობების უსაფრთხოებასაც ამოწმებენ.