ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონექტიკუტის შტატში, საცხოვრებელი სახლების გაქურდვის სერიის გამოძიების ფარგლებში, ბრუკლინში მცხოვრები ორი ქართველი დააკავეს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები არიან 40 წლის ლევან ალექსიძე და 47 წლის მამუკა ჩაგანავა.
გამოძიების ცნობით, ქალაქ ფეარფილდის გრინფილდ ჰილის უბანში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. შემთხვევების დროს მეპატრონეები სახლში არ იმყოფებოდნენ, დამნაშავეების სამიზნე კი ძვირადღირებული სამკაულები იყო.
სამართალდამცველებმა სათვალთვალო სისტემებისა და ავტომობილების სანომრე ნიშნების ამომცნობი კამერების დახმარებით ეჭვმიტანილების ავტომობილი გამოავლინეს.
პოლიციის განცხადებით, 27 სექტემბერს გამომძიებლებმა აღნიშნული ავტომობილი კვლავ შენიშნეს. მათი ვარაუდით, მამაკაცები მორიგი სახლის გაქურდვას გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა მანქანა გააჩერეს და ორივე პირი დააკავეს.
ლევან ალექსიძესა და მამუკა ჩაგანავას ბრალად პირველი ხარისხის ქურდობის ჩადენის მიზნით შეთქმულება ედებათ. პოლიციის თავდაპირველი ინფორმაციით, თითოეულისთვის გირაო 100 000 დოლარით განისაზღვრა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, ალექსიძე 75 000-დოლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლებული იყო, ჩაგანავა კი პატიმრობაში რჩებოდა.
გამოძიება გრძელდება.