კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე თანასოფლელს ესროლა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გასაწევად კლინიკაში გადაიყვანეს.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი დამატებით სხვადასხვა კალიბრის ვაზნები და მცირეკალიბრიანი შაშხანა აღმოაჩინეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.