აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ყოფილი სიძე, ბიზნესმენი ემინ აგალაროვი, კასპიის ზღვის სანაპიროზე მასშტაბურ კაზინოს აშენებს. პროექტის გახსნა 2027 წლის მაისში იგეგმება.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, Royale Casino ბაქოს მახლობლად, Sea Breeze-ის საკურორტო კომპლექსის ტერიტორიაზე, ხელოვნურად შექმნილ ნახევარკუნძულზე განთავსდება.

პროექტის საერთო ფართობი დაახლოებით 90 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო შენობის სიმაღლე 35 მეტრს მიაღწევს.

კომპლექსში დაგეგმილია 12 VIP დარბაზის, საერთაშორისო ტურნირებისთვის განკუთვნილი მთავარი დარბაზის, საკონცერტო სივრცისა და კვების ობიექტების მოწყობა.

ვინ არის ემინ აგალაროვი?

ემინ აგალაროვი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი და მომღერალია. ის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქალიშვილზე, ლეილა ალიევაზე, 2006 წელს დაქორწინდა. წყვილი 2015 წელს განქორწინდა.

აგალაროვი კომპანია Agalarov Development-ის პრეზიდენტი და Sea Breeze-ის საკურორტო პროექტის დამფუძნებელია.

რატომ გახდა კაზინოს გახსნა შესაძლებელი?

აზერბაიჯანში კაზინოების საქმიანობა 1998 წლიდან აკრძალული იყო.

2025 წლის ივლისში ქვეყნის პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომლითაც კაზინოების ფუნქციონირება კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში შექმნილ სპეციალურ ხელოვნურ ტერიტორიებზე დაუშვა.

ახალი რეგულაციები კაზინოების საქმიანობის ლიცენზირებასა და სახელმწიფო ზედამხედველობას ითვალისწინებს.

პროექტის ავტორების განცხადებით, კომპლექსის განვითარება ტურიზმის ხელშეწყობასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.

ამასთან, აზერბაიჯანში კაზინოების ლეგალიზაციას სოციალური და ეკონომიკური რისკების შესახებ დისკუსიაც ახლავს.