კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 5 ნოემბერს ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ორი მამაკაცის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე მამაკაცი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს და დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი ძმა და მათი ნაცნობი ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ, როდესაც მათ ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნეს.

გადარჩენილი ძმის, ელმან უსუფოვის განცხადებით, თავდასხმის დროს მანქანას მოეფარა და გადარჩენა შეძლო. მისი თქმით, ძმებს თავდამსხმელთან წარსულში კონფლიქტი არ ჰქონიათ.

„უცებ მანქანა გაჩერდა და სროლა დაიწყო. ბევრჯერ ისროლა. არაფერი მომხდარა წარსულში, კონფლიქტი არ გვქონია“, 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.