იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ აქციონერებისთვის 89 მილიარდ დოლარამდე თანხის დაბრუნების გეგმა წარადგინა, რასაც კომპანიის აქციების მკვეთრი გაძვირება მოჰყვა. ინფორმაციას Reuters 5 ნოემბერს ავრცელებს.

ტოკიოს საფონდო ბირჟაზე Toyota-ს აქციების ფასი ერთ დღეში დაახლოებით 17%-ით გაიზარდა. ეს კომპანიისთვის ბოლო თითქმის 40 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა.

Toyota-ს განცხადებით, 2031 წლის მარტამდე აქციონერებისთვის 14 ტრილიონ იენამდე, დაახლოებით 89 მილიარდი დოლარის დაბრუნება იგეგმება. ეს თანხა წინა ხუთი წლის განმავლობაში აქციონერებისთვის დაბრუნებულ კაპიტალს ორჯერ აღემატება.

კომპანიის ფინანსური შედეგებიც გაუმჯობესდა. ივლისიდან სექტემბრამდე საოპერაციო მოგება 34%-ით გაიზარდა, რის შემდეგაც Toyota-მ წლიური საოპერაციო მოგების პროგნოზი 15%-ით, 3.9 ტრილიონ იენამდე გაზარდა.

წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰიბრიდულ ავტომობილებზე მაღალი მოთხოვნაა, განსაკუთრებით აშშ-ის ბაზარზე. კომპანიის შედეგებზე დადებითად იმოქმედა იაპონური იენის გაუფასურებამაც.

ამავდროულად, Toyota ჩინეთში ელექტრომობილების ადგილობრივი მწარმოებლებისგან ძლიერ კონკურენციას აწყდება.

კომპანია სამომავლოდ ტექნოლოგიურ განვითარებასაც გეგმავს. Toyota აპირებს, 2030 ფინანსური წლის ჩათვლით კვლევასა და კაპიტალურ ინვესტიციებში სულ მცირე 22 ტრილიონი იენი დახარჯოს. ასევე გეგმავს რობოტიკის მიმართულების განვითარებას.

Toyota-ს ახალი ფინანსური გეგმა და გაუმჯობესებული პროგნოზი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი აღმოჩნდა, რაც აქციების ფასის რეკორდულ ზრდაში აისახა.