იაპონიაში პირველად გაიმართება სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდისა და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ ერთობლივი კონცერტი.

ღონისძიება 2026 წლის 14 დეკემბერს, ტოკიოს მეტროპოლიტენის თეატრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება და სახელწოდებით „Spirit of Georgia“ წარდგება.

იაპონელი მსმენელი ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის, ხალხური სიმღერების, საგალობლებისა და თანამედროვე საგუნდო მუსიკის მოსმენას შეძლებს.

კონცერტის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება გია ყანჩელის, იოსებ კეჭაყმაძის, ზვიად ბოლქვაძისა და იოსებ ბარდანაშვილის ნაწარმოებები.

იაპონელი ორგანიზატორების ინფორმაციით, სცენაზე ორი ქართული გუნდის დაახლოებით 40 მომღერალი წარდგება.
15 დეკემბერს „ბასიანი“ კიდევ ერთ კონცერტს გამართავს. ანსამბლი ქალაქ უშიკუში სოლო პროგრამით წარდგება. ღონისძიება უშიკუსა და თელავის დამეგობრებას, ასევე იაპონური ქალაქის დაარსებიდან 40 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონცერტები იაპონური ორგანიზაცია Min-On Concert Association-ის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება. ღონისძიებების განხორციელებაში საქართველოს საელჩოც მონაწილეობს.

ქართული მრავალხმიანობა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. იაპონიაში დაგეგმილი კონცერტები საერთაშორისო მსმენელისთვის ქართული მუსიკალური ტრადიციების გაცნობის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება.