საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შესყიდვები ივნისსა და ოქტომბერში განხორციელდა.

ოქტომბრის მონაცემებით, ეროვნული ბანკის ოქროს რეზერვების ღირებულებამ 1.365 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ს შეადგენს.

ამასთან, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 8.25 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ით მეტია.

ეროვნული ბანკის განმარტებით, ოქროში ინვესტირების მთავარი მიზანი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაცია და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არსებული მერყეობისგან მათი დაცვაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ მონეტარულ ოქროში ინვესტირება პირველად 2024 წელს დაიწყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით, საქართველოს რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი 130%-ს აღწევს, რაც 100%-იან საორიენტაციო ზღვარს აღემატება.

ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.