დიზელის საწვავის გაძვირება სოფლის მეურნეობის სექტორისთვის დამატებით ხარჯად იქცა და შესაძლოა, საბოლოოდ ადგილობრივი პროდუქციის ფასებზეც აისახოს.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის, რატი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი ძირითადი საწვავი დიზელია და მისი გაძვირება პირდაპირ ზრდის პროდუქციის თვითღირებულებას. მისი თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დიზელის ფასი ფაქტობრივად გაორმაგებულია. 
საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდესაც საშემოდგომო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს. ტექნიკის მუშაობა, მიწის დამუშავება, თესვა და მოგვიანებით მოსავლის აღებაც საწვავის მნიშვნელოვან დანახარჯს მოითხოვს.
თუ ფერმერს წარმოების მთელი ციკლის განმავლობაში სამუშაოების ჩატარება გაძვირებული საწვავით მოუწევს, მისი ხარჯებიც გაიზრდება. ეს კი საბოლოოდ შეიძლება აისახოს როგორც პროდუქციის გასაყიდ ფასზე, ისე ქართველი მწარმოებლების შესაძლებლობაზე, კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ პროდუქტს. 
ფერმერთა ასოციაციაში ყურადღებას კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებენ - მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის პირობებში ფერმერს გაზრდილი ხარჯის სრულად ფასში ასახვა შეიძლება გაუჭირდეს. შედეგად, ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემაც შეექმნათ. 
საწვავის გაძვირება უკვე ინფლაციის მონაცემებშიც ჩანს. სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, ხოლო საწვავის ფასების ზრდა კვლავ ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც სამომხმარებლო ფასებზე ზეწოლას ახდენს.