იტალიური მოდის სახლის, Giorgio Armani-ს მემკვიდრეები კომპანიის მსხვილ კონკურენტზე გაყიდვის ნაცვლად საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებას ანიჭებენ უპირატესობას.
გადაწყვეტილების მიზანია ცნობილი იტალიური ბრენდის დამოუკიდებლობის შენარჩუნება და კომპანიის მართვაზე ოჯახის გავლენის დაცვა.
2025 წელს გარდაცვლილმა დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ ანდერძში განსაზღვრა, რომ მემკვიდრეებმა კომპანიის დაახლოებით 15% უნდა გაყიდონ, შემდეგ კი დარჩენილი წილის ნაწილის გასხვისება ან საფონდო ბირჟაზე გასვლა განიხილონ.
ამჟამად პირველი 15%-იანი წილის შეძენით განსაკუთრებით დაინტერესებული არიან კოსმეტიკური კომპანია LOréal და სათვალეების მწარმოებელი EssilorLuxottica. პოტენციურ მყიდველებს შორის ასევე სახელდება ფუფუნების ბრენდების ჯგუფი LVMH.
წყაროების ცნობით, მემკვიდრეები განიხილავენ თავდაპირველი 15%-იანი წილის რამდენიმე ინვესტორზე განაწილებას, რათა არცერთ მსხვილ კომპანიას გადამწყვეტი უპირატესობა არ მიენიჭოს.
ფინანსური მრჩევლების შეფასებით, Armani-ს საბაზრო ღირებულება 5-დან 7 მილიარდ ევრომდეა.
პირველი წილის გაყიდვა 2027 წლის მარტამდე იგეგმება, ხოლო საფონდო ბირჟაზე კომპანიის შესაძლო გასვლა მომდევნო წლებში შეიძლება განხორციელდეს.