თბილისში 2032 წლისთვის ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იგეგმება, რომელიც წლიურად 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება. მანამდე კი დედაქალაქის მოქმედი აეროპორტი გაფართოვდება.

ამის შესახებ ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანისა და ჩინური ავიამწარმოებელი კომპანიის, COMAC-ის წარმომადგენლების შეხვედრაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზეც. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, რის შემდეგაც აეროპორტს ყველა ზომის სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავის მომსახურება შეეძლება.

მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოებაც განიხილეს. ამჟამად ჩინეთის სამი ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით კვირაში 13 რეგულარულ რეისს ასრულებს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი მიმართულებებისა და ფრენების სიხშირის დამატებაზე.

 საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს რეგიონულ სატრანსპორტო და საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.